(032) 2 293 249‬

ევროკავშირმა და საქართველომ თბილისში ევროპის დღე აღნიშნეს

ევროკავშირმა და საქართველომ თბილისში ევროპის დღე აღნიშნეს

შაბათს, 2018 წლის 5 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და პარტნიორებთან ერთად, თბილისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს. ამ დღეს, რიყის პარკი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
რიყის პარკში ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების, ასევე ევროკავშირის განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალქის კეთილდღეობისთვის. ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები და თამაშები, მშობლებთან ერთად მათ საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ევროპული ქვეყნების მრავალფეროვანი სამზარეულო. საღამოს მოეწყო ცოცხალი მუსიკის კონცერტი ნათია თოდუას, ნინო ქათამაძის და ჯგუფი „ინსაითის“ მონაწილეობით.
როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების პროდუქცია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ფერმერის სახლი” წარმოადგინა დამბალხაჭო, კოოპერატივმა “კონა” სტუმრებს შესთავაზა ბალახეული ჩაის მრავალფეროვანი კოლექცია, კოოპერატივი „გავაზის საუკეთესო ვენახები“ სტუმრებს კახური ღვინით გაუმასპინძლდა. ასევე, წარმოდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივები ლაგედეხიდან და ბორჯომიდან. ინდ/მეწარმე პაპუნა ლობჟანიძემ – თაფლი, ინდ/მეწარმე ნოდარ დარეჯანაშვილმა – მარწყვი, შპს “ბიომეურნეობა ფონა”-მ – ჩირი, ხოლო შპს “ტბის ხეობა”-მ ხის ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები გამოფინა.
ENPARD-ის კუთხეს ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერაზე, გაესაუბრნენ ფერმერებს და წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დააგემოვნეს.

 

2018 წლის მაისსა და ივნისში, ევროპის დღეების აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება. საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალქალაქში.