(032) 2 293 249‬

ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ჯონ კლარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ჯონ კლარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. ევროკავშირის დელეგაცია  თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასცოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ, დელეგაცია სოფელ წინწყაროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში, დელეგაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტის შესახებ პრეზენტაციას გაეცნო. RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა ხაზი გაუსვა LEADER მიდგომის მნიშვნელობას სოფლის განვითარების კონტექსტში საქართველოს რეალობის მაგალითზე. სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა კი ევროკავშირის ENPARD პროექტის მიზნებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, პრეზენტაციები გაიმართა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა LAG-ის აქტივობებსა და მის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი 2017 წელს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით დაარსდა. ეს არის პლატფორმა, რომელიც სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს აერთიანებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებას. LAG-ი აერთიანებს თეთრიწყაროში მცხოვრებ, 20-ვე თემის 97 წარმომადგენელს, მათ შორის არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები და ეკო-მიგრანტები.
თეთრიწყაროს LAG-თან შეხვედრის შემდეგ, სტუმრები ევროკავშირის ბენეფიციარის რძის გადამამუშავებელ საწარმოს „წინყარო+“-ს ესტუმრნენ. საწარმოს დირექტორმა რძის პროდუქტების წარმოების სპეციფიკა განმარტა და ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერილი ბიზნესის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა. სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ყველის წარმოების პროცესს  და სხვადასხვა სახეობის ყველი დაეგემოვნებინათ.
ყველის საწარმო „წინწყარო+“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითრების ინიციატივებიდან ერთერთია. ევროკავშირის მიერ, RDFG-თან და ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან პარტნიორობით, თეთრიწყაროში 35-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივაა მხარდაჭერილი, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების მიმართულებით. აღნიშნული ქვე-პროექტები ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტში 180 მუდმივი და 35 დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).
ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.