(032) 2 293 249‬

ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრები ლაგოდეხში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრები ლაგოდეხში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

3 ოქტომბერი 2019, ლაგოდეხი – ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლაგოდეხს ესტუმრა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტის გუნდს და ბენეფიციარებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, შეხვდენენ ლაგოდეხის განვითარების ჯგუფს (LAG) და ასევე გაეცნენ სოფლის განვითარების ინიციატივებს “ENPARD ტერასა” ლაგოდეხში და “კიტრის ენერგოეფექტური სათბური” ჰერეთისკარში.
თავდაპირველად ვიზიტი დაიწყო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში, სადაც სტუმრები ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენლებს და რეინჯერებს შეხვდნენ. ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ მომზადება ევროკავშირის „ტვინინგ“ პროექტის ფარგლებში გაიარეს. მოკლე გასეირნებამ ნათლად წარმოაჩინა ხელმძღვანელობის სტრუქტურული მიდგომა განათლებისა და სტუმრებთან კომუნიკაციის მიმართებში.
შემდგომ, ყოფილი ევროპარლამენტარები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ქეა“-ს წარმომადგნელებს შეხვდნენ. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის, და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს და წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე მომუშავე აქტიურ სოციალურ პლატფორმას. იგი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან. 
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სასტუმროში „ვალდჰოტელში“ მდებარე ENPARD-ის ტერასა და წიგნის კაფე. ტერასის გახსნამ ლაგოდეხში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო ადგილობრივებს დამატებითი ეკონომიკური სტიმული შესძინა. კაფე ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მარაგდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 12 ადამიანი, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები და ქალები არიან.
დღის ბოლოს, ვიზიტი სოფელ ჰერეთისკარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივაში „კიტრის ენერგოეფექტური სათბური“ დასრულდა. ყოფილი ევროპარლამენტარები სათბურის მეპატრონეს, თენგიზ ბერიძეს შეხვდნენ. თენგიზ ბერიძე აჭარელი ეკომიგრანტია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სოციალურ დახმარებაზე უარი განაცხადა და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში კიტრის სათბური მოაწყო. 800 კვ.მ. მიწაზე 2000 ძირი კიტრია დარგული. სათბური ენერგოეფექტურია. ის ნამჯით თბება და გარემოზე ნაკლები ზემოქმედება აქვს. სათბურის საშუალებით თენგიზ ბერიძეს შემოსავალი მუდმივად აქვს. იგი სეზონურად 3 ადგილობრივსაც ასაქმებს.
სოფლის განვითარება საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, ამ სექტორის გამოცოცხლება და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ევროკავშირის ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დღემდე 360-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა, მათგან 60-ზე მეტი ლაგოდეხში. ეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და რეგიონალური ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივებით 1000-მდე სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა, ხოლო 10,000-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.
ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. მისი ძირითადი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.