(032) 2 22 04 26

FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებში ტრენერთა ტრენინგები ჩაატარა

FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებში ტრენერთა ტრენინგები ჩაატარა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ტრენერთა ტრენინგები ჩაუტარა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 50 თანამშრომელს.  
ტრენინგის მონაწილეებმა თბილისში, 5-დღიან ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ყველა რეგიონის 30 მუნიციპალიტეტიდან მოიყარეს თავი. ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში ისინი მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების თანამედროვე  ცოდნას და გამოცდილებას გაეცნენ. ტრენინგი მოიცავდა მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაბინავების მთელ ციკლს კრეფიდან რეალიზაციამდე. ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სიმწიფისა და კრეფის ინდექსები, მოსავლის აღების პრინციპები, შეფუთვა/დაფასოება, ტრანსპორტირება, მწერებისა და მავნებლებისგან მოსავლის დაცვა ანუ ყველა ის პრინციპი, რომელიც ფერმერს საკუთარი მოსავლის სწორად მართვაში დაეხმარება, საბოლოოდ კი ხარისხიან პროდუქტს და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
ტრენინგები FAO-ს ექსპერტმა ელჰადი იაჰიამ ჩაატარა. მოსავლის მოვლა-შენახვის ზოგადი წესების გარდა მან კონკრეტული მითითებები მისცა ტრენინგის მონაწილეებს ვაშლის, ყურძნის, კარტოფილის, მწვანილის და საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-შენახვის შესახებ.
თეორიული ნაწილის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა სურსათის საწყობებსა და დაფასოების სათავსოებში გადაინაცვლეს, სადაც ცივი შენახვის სათავსოები მოინახულეს და ტრენინგის დროს წარმოდგენილი კონცეფციების პრაქტიკული დემონსტრირება მოახდინეს.
ტრენინგის მონაწილეებს FAO-ს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ კი, თავის მხრივ, ვალდებულება აიღეს, რომ მოსავლის აღების შემგდომი ტექნოლოგიების შესახებ მიღებულ ცოდნას საკუთარ რეგიონებში სხვა ფერმერებსაც გაუზიარებენ.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას 2013 წლიდან  მხარს უჭერს  ENPARD-ის პროგრამის მეშვებით, რომლის საერთო ბიუჯეტი 102 მლნ. ევროს შეადგენს (2013-2019). საქართველოში ENPARD-ის ძირითადი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.