(032) 2 293 249‬

გამოცდილების გასაზიარებლად, ლატვიის ლაგ-მა საქართველოს ლაგ-ების წარმომადგენლებს უმასპინძლა

გამოცდილების გასაზიარებლად, ლატვიის ლაგ-მა საქართველოს ლაგ-ების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, 21-25 აგვისტოს, ლატვიაში, ქ. რიგაში, ერთმანეთს შეხვდნენ  ქართველი და ლატვიელი ლაგ-ების წევრები და მათი პარტნიორები. შეხვედრის მიზანი იყო ლატვიის გამოცდილების გაზიარება საცხენოსნო ინდუსტრიის მოწყობისა და განვითარების კუთხით. ლატვიის ლაგ-მა ლაგოდეხის, ბორჯომის და თეთრიწყაროს ლაგ-ებს, Care-ს, Mercy Corps-ისა და RDFG-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები.
ვიზიტი  იყო ძალიან ინტენსიური, ახალი და მნიშვნელოვანი გამოცდილებით აღსავსე, რომელიც მოიცავდა რამდენიმე საველე გასვლებსა და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს ლატვიის ლაგ-ის წევრებთან და ოფიციალურ პირებთან. ქართველმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საცხენოსნო ბიზნესები და დაფინანსებული პროექტები. ასევე, შეხვდნენ ლატვიის საცხენოსნო ფედერაციისა და ენგურეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დაესწრნენ შეჯიბრს ბარიერზე ხტომაში და მოინახულეს ღვინინ და ძლიერი ალკოჰოლური სასმელების საწარმოები.
ქართული ლაგ-ების წევრებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, ის მრავალფეროვანი მომსახურება, რომელსაც ლატვიის საცხენოსნო ინდუსტრია სთავაზობდა სტუმრებს, მათ შორის: სპორტული ცხენების გამოყენება სპორტულგამაჯანსაღებელი ცენტრებისთვისა და თერაპიისთვის, ცხენები იოგისთვის, მომსახურება ბავშვებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამასთანავე, ლაგ-ის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლატვიაში ყველა მფლობელს ცხენის მოვლის ინდივიდუალური მეთოდი აქვს და რამდენიმე მათგანს ადგილზე გაეცნენ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ლატვიის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მონახულება (საცხენოსნო კლინიკა), რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით. 
გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული ლაგ-ების განვითარებისთვის და მათი მომავალი საქმიანობისთვის. ლაგ-ების წევრებმა მიიღეს ბევრი ახალი ინფორმაცია, მათ შორის იმ გამოცდილებებზე, რაც საქართველოში ჯერ არ არის დამკვიდრებული. გარდა ამისა, გაეცნენ საკანონმდებლო რეგულაციებს საცხენოსნო სფეროში, რაც მომავალში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ საქმის წარმოებაში. 
ქართველი წარმომადგენლები ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ. ლატვიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლაგ-ის წევრები ფიქრობენ, რომ: „მნიშვნელოვანია ადგილობრივი საცხენოსნო ბიზნესის განვითარება, მომსახურების გამრავალფეროვნება, და ლატვიური გამოცდილების დანერგვა საქართველოში.“ განვითარებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო ქართველი მონაწილეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი პრაქტიკის დანერგვას ლაგ-ების მომავალ საქმიანობაში. 
აღნიშნული ვიზიტი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში (RDP)“ ფარგლებში, რომელიც არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის (მეორე ფაზა) “ENPARD სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში” გაგრძელება. პროექტი არის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი. პროგრამის მიზანია დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge