(032) 2 293 249‬

ხულოს განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ლაგოდეხს ესტუმრა

ხულოს განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ლაგოდეხს ესტუმრა

2018 წლის 20 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფი (LAG) ლაგოდეხს სამუშაო ვიზითით ესტუმრა. შეხვედრის მიზანი ლაგოდეხის LAG-ის გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში ხულოსა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ორივე მხარემ გააკეთა პრეზენტაცია განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ENPARD ლაგოდეხის პროექტის მენეჯერმა, ჯუბა მარუაშვილმა ისაუბრა არსებული გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ელემენტებსა და მის მნიშვნელობაზე პროექტის განხორციელების პროცესში. ხულოს LAG-მა მიიღო საგრანტო ეტაპთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ინფორმაცია ძირითადი გამოწვევების შესახებ.
დღის მეორე ნახევარში, ორივე LAG-ის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს. მათ შორის იყო ვარდი სათბური, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, მარწყვის სათბური, სამაცივრე მეურნეობა და კიტრის სათბური.
სამუშაო შეხვედრით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილი იყო და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.  
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.