(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ჯუთაში სამთო ტურიზმი ვითარდება და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

პროექტის დეტალები

მომზადებულია ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახურის მიერ
​რატომ მაინცდამაინც ჯუთა? იმიტომ, რომ აქედან ყველაზე ლამაზად ჩანს ჭაუხები!
ჭაუხების ძირში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე განთავსებულ მინდორში თითქოს ერთფეროვანი სანახაობა უნდა დაგვხვდეს – შთამბეჭდავი, მაგრამ ერთფეროვანი. ლამაზი ხედები, უნიკალური ბუნება და სიმშვიდე – ის, რაც აქამდე სადღაც ყველას გვინახავს და მოგვწონებია, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში აქ დაბანაკებაზე მხოლოდ მოსაწყენ კონტექსტში თუ გვიფიქრია. რა უნდა აკეთოს ადამიანმა რამდენიმე დღე გაშლილ მინდორში, მხოლოდ მთებისა და ჭაუხების გარემოცვაში,  დასახლებული პუნქტისგან მოშორებით, სადაც ტრანსპორტირების ერთადერთი საშუალება მხოლოდ ცხენია?! ტურისტული კომპლექსი „ზეთა“, რომელიც სოფელ ჯუთაში სწორედ ჭაუხების ძირში მდებარეობს, უპირისპირება ყველა აქამდე არსებულ სტერეოტიპს და ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ერთფეროვნებას ველით, შესაძლოა, ყველაზე მრავალფეროვანი გარემო დაგვხვდეს.
ამინდი ცვალებადია. ერთ წამს თუ მზეა, მეორე წამს კოკისპირული წვიმით დასველებული სტუმრები თავშესაფრის ძიებაში არიან. ცის განაცრისფერება სულაც არ არის განწყობის ცვლილების პირდაპირპროპორციული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გარშემო უამრავი შესანიშნავი სანახაობა თუ აქტივობაა. ერთ მინდორზე ხარ, ერთ სივრცეში, მაგრამ, რეალურად, მთელი დღის განმავლობაში სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილებებით ივსები, რაც სრულებითაც არ არის მოსაწყენი. განსხვავებულია ყველა დღე, სეზონზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სწორედ ამ სივრცეში მდებარეობს ტურისტული კომპლექსი „ზეთა“, რომელიც სამთო ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული და სტუმრებს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ნახევარი საათის ფეხით სავალ მანძილზე, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით,  სთავაზობს კარვებსა და კეთილმოწყობილ კოტეჯებში განთავსებას, კაფისა და ბარის მომსახურებას, საცხენოსნო, საფეხმავლო, ალპინისტურ, სათხილამურო და ველო ტურებს.
„ზეთა“ არის პირველი კეთილმოწყობილი სამთო ტურისტული ბანაკი საქართველოში და მდებარეობს სოფელ ჯუთასთან ახლოს, იქ, სადაც სამანქანო გზაც არ მიდის. კომპლექსის შექმნის იდეა 2008 წელს დაიბადა – მაშინ, როდესაც სოფელში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოხუცები და ბავშვები იყვნენ დარჩენილი და საინტერესო არაფერი ხდებოდა. ანანო არაბულმა გადაწყვიტა, მოეწყო ბანაკი ელემენტარული კომფორტითა და პირობებით, სადაც ხალხს გაჩერება და გარკვეული აქტივობებით დაკავება შეეძლებოდა. მთავარი მოტივაცია თვითონ სოფელი ჯუთა და მისი უნიკალური ადგილმდებარეობა იყო.
„ჯუთაში ადამიანები, განსაკუთრებით კი ტურისტები, ძალიან იშვიათად ამოდიოდნენ. მოთხოვნა იყო ძალიან დაბალი, თუმცა მე ვხედავდი, რომ შესაბამისი მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამ ადგილს ტურისტულ კომპლექსად გადაქცევის შესანიშნავი პერსპექტივა ჰქონდა“ – აღნიშნავს ანანო არაბული.
ანანომ იდეა, პირველ რიგში, მშობლებს გაუმხილა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ანანოს მამა სწორედ ჯუთაში დაიბადა და გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ოჯახისგან მხარდაჭერა იგრძნო, ანანომ ინიციატივა თავის ნათესავს, ყოფილ ალპინისტ ჯარჯი აქიმიძეს გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს აქამდე ტურიზმის სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხშირად თავად ყოფილან სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები. ჯარჯიმ კარგად იცოდა მთის ამბები, ანანოს კი მთელი ბავშვობა ბებია-ბაბუასთან ჯუთაში ჰქონდა გატარებული.
„ზაფხულობით ჯუთაში ბიძაჩემის ოჯახი იღებდა ხოლმე სტუმრებს, მათ შორის ტურისტებსაც, რომლებიც ყაზბეგიდან შემთხვევით ამოდიოდნენ ჯუთაში. ფეხით მოსიარულე გზააბნეული ტურისტები, რომლებიც ღამეს ჩვენს ოჯახში ათევდნენ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა მე ამაში ჩართული არასდროს ვყოფილვარ. ამასთან, მე სტუმრებისთვის სულ სხვანაირი გარემოს შექმნა მინდოდა“ – აღნიშნავს ანანო.
მიუხედავად გამოუცდელობისა, ორი მეგობარი იდეისა და მოგზაურობის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების გარშემო გაერთიანდა და ინიციატივის განხორციელება ადგილის ძიებით დაიწყეს. ბევრი არ უფიქრიათ, მარტივად შეარჩიეს ტერიტორია, სადაც ბავშვობაში ხშირად ადიოდნენ და რომლის შესახებაც ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ.
„რატომ მაინდამაინც ეს ადგილი? აქედან ჭაუხები ყველაზე ლამაზად ჩანს. სოფელში, ფაქტობრივად, ასეთი ლამაზი ხედი არ არსებობს. გაშლილი ადგილია სოფლიდან მოშორებით, თუმცა არც ძალიან შორს – რაღაც რომ დაგჭირდეს, მაინც სოფელთან გაქვს კავშირი“ – აღნიშნავს ანანო.
დაიწყეს ნულიდან, მაგრამ ძალიან დიდი მონდომებით. დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განლაგებულ მინდორში, რა თქმა უნდა, არანაირი სახის კომუნიკაცია არ არსებობდა. ძალიან რთული იყო აღნიშნულის ორგანიზება, სოფლიდან სამშენებლო მასალის ატანა ხელით ან ცხენის მეშვეობით… მუშაობდნენ მხოლოდ ზაფხულში, ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე.
„ისეთი შემართება გვქონდა, ვიცოდით, ყველაფერი აუცილებლად გამოვიდოდა!“ – აღნიშნავს ანანო.
მერე ომი დაიწყო და მშენებლობაც შეწყდა, თუმცა 2009 წლის ივნისი-ივლისის თვეებში ყველაფერი მოწესრიგდა: სველი წერტილები, პატარა სამზარეულო და კარვები ღამის გასათევად.  
ტურისტული კომპლექსი „ზეთა“ უკვე აქტიურად ფუნქციონირებდა, თუმცა დამფუძნებლებს გაფართოებისა და მომსახურების დახვეწის სურვილი მაინც არ ასვენებდათ.  ანანო არაბულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის შესახებ შეიტყო და დეტალების გასარკვევად ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მიმართა.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 2015 წელს ევროკავშირისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) ხელშეწყობით შეიქმნა და დღეს სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის, ე.წ. LEADER-ის განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს. LEADER მიდგომა უკვე 20 წელზე მეტია რაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ახლა კი ის, როგორც წარმატებული მოდელი, საქართველოშიც ინერგება.  LEADER მიდგომის ძირითადი პრინციპია, გაერთიანდეს ყველა მიმართულების მოთამაშე, ადგილობრივი მთავრობის, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის, რაიონის მკვიდრების ჩათვლით, და მათ შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ევროკავშირისა და PIN-ის თანადგომით, მხარს უჭერს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეობითი მექანიზმის ჩამოყალიბებას, ისევე როგორც რეგიონის მდგრად განვითარებასა და მისი მაცხოვრებელების ცხოვრების დონის ამაღლებას. შესაბამისად, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოღვაწეობის ფარგლებში, ცხადდება ევროკავშირის საგრანტო კონკურსები იმ ინიციატივათა გამოსავლენად და დასაფინანსებლად, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოფლის განვითარებაში.
სწორედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან ყველა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ანანომ და ჯარჯიმ დაწერეს პროექტი და მოიპოვეს დაფინანსება, რომელიც მათ კომპლექსის ინვენტარით შევსებასა და მომსახურების სფეროების გაფართოებაში დაეხმარა. ევროკავშირის გრანტით კომპლექსი „ზეთა“ აღიჭურვა კონკრეტული ინვენტარით კონკრეტული მიზნების გასახორციელებლად. მაგალითად, კომპლექსში ხელმისაწვდომი გახდა სამთო ველოსიპედები, რამაც გაქირავებისა და მომხმარებლებისთვის სიახლის შეთავაზების საშუალება შექმნა. ანანომ და ჯარჯიმ ასევე შეიძინეს მონიტორი და პროექტორი, რაზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო კორპორატიული სტუმრების მხრიდან. ამასთან, ბანაკის სამზარეულო თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკით მოეწყო, რომლის მეშვეობითაც დღეს ერთი ღამის საფასურში საუზმეც მოიაზრება.
„მაშინ, როდესაც მოღვაწეობას ვიწყებდით, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენ მაშინ აქ შხაპის მიღების საშუალებას შევქმნიდით, მით უმეტეს, ცხელი წყლით. მოდიოდნენ და უკვირდათ ელემენტარული ტუალეტის არსებობაც კი. ვერავის წარმოედგინა, რომ სადღაც, მთის წვერზე მსგავსი რამის მოწყობა იყო შესაძლებელი“ – აღნიშნავს ანანო.
თუმცა კომპლექსის იდეამ თავიდანვე გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ „ზეთას“ შესახებ არსად არანაირი რეკლამა არ იყო განთავსებული, მეგობრებისა თუ ნათესავების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, სტუმრები მაინც მოდიოდნენ, მათ შორის გზააბნეული ტურისტებიც. „ზეთამ“ პირველ წელს სულ რაღაც ერთი თვე იმუშავა, 2010 წლიდან კი აბსოლუტურად განსხვავებული სეზონი დაიწყო, რაც დიდმა შრომამ განაპირობა.  შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ანანო და ჯარჯი იყვნენ მოხალისეები, რომლებიც თითოეულ სტუმარში მაქსიმალურ ენერგიას დებდნენ იმისთვის, რომ ყველა ყოფილიყო კმაყოფილი.
„ახლაც ასე ვართ, სულ ვცდილობთ, არავინ იყოს უკმაყოფილო. „ზეთა“ ისეთ უნიკალურ და ულამაზეს ადგილას არის, რომ თითქოს ბუნებრივად უნდა მოეზიდა დასვენებისა და ეგზოტიკის მოყვარულები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბუნებრივად ვერაფერი იმუშავებს თუ შენ არ იშრომე და დროულად არ გააკეთე ის, რაც საჭიროა“ – აღნიშნავს ანანო.
„ზეთა“ ყოველთვის ყურადღებით უსმენს სტუმრების პულსაციას. კომპლექსის განსაკუთრებული ნიშა მოთხოვნებზე და სიახლეებზე მუდმივი კონცენტრაციაა, რასაც ყოველწლიური გაფართოება და მშენებლობებიც ადასტურებს. მოღვაწეობის დაწყებიდან ძალიან მალე, 2011 წლის სეზონზე ბანაკის ტერიტორიაზე, კარვების გვერდით გამოჩნდა პირველი სამსაძინებლიანი კოტეჯი. აღნიშნულმა სიახლემ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, რადგან მომენტალურად გამოჩნდა, რომ უმრავლესობას, თურმე, კარავში ძილს მაინც ოთახში ძილი ურჩევნია. სწორედ მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2012 წელს აშენდა კიდევ ერთი ცალკე მდგომი შენობა, ასევე სამი საძინებლით.
ამჟამად „ზეთა“ აერთიანებს 2 კოტეჯს სამ-სამი საძიებლით, ერთ დიდ შენობაში განთავსებულ სამზარეულოს, სასადილოს, საწყობსა და ვერანდას და სველი წერტილებისთვის განკუთვნულ მეორე შენობას. ნაგებობა, რომელიც პირველად აშენდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაც სიახლისკენ მუდმივმა სწრაფვამ და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილმა განაპირობა. ამჟამად ტურისტული კომპლექსი თავისუფლად მასპინძლობს ერთდროულად 60 ადამიანს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ჭაუხების ძირში თავს ერთდროულად 100-150 ადამიანი იყრის, რასაც კომპლექსში ინვენტარის დამატებით უზრუნველყოფენ. სტუმრების ნაწილი ღამეს ათევს კოტეჯებში, ნაწილი კი კარვებში, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი. ბანაკი ასევე მოიცავს რესტორანს, ბარს და სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხენით გასეირნებას, ველოსიპედის გაქირავებას, საცოც კედელს, ბატუტს…
წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, „ზეთა“ სტუმრებს ტურების დაგეგმვასა და გიდების მომსახურებასაც სთავაზობს. არჩევანი მრავალფეროვანია: ჭაუხები, ხევსურეთი, აბუდელაურის ტბები… მწვერვალზე ასვლის ჟინით შეპყრობილ ალპინისტურ ჯგუფებს ბანაკი პროფესიონალ გიდებსაც სთავაზობს, დანარჩენ შემთხვევებში ხელმისაწვდომია ცხენი თავისი გამყოლით. „ზეთა“ არ გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური თუ სხვა სახის ხმაურიანი საღამოებით. დამფუძნებლები მაქსიმალურად ითვალისწინებენ ყველა სტუმრის აზრს და კარგად ესმით იმ ადამიანთა სურვილი, რომლებიც ბანაკში სიმშვიდისთვის ამოდიან. თუმცა შესაბამისი გარემოებებისა და სტუმრების პირობებში, „ზეთაში“ მუსიკალური ფესტივალიც ჩატარებულა. კომპლექსში ასევე ხშირია ქორწილები, დაბადების დღეები, რომელთა სრულ ორგანიზებას თავად ბანაკი აკეთებს.
„ევროკავშირის პროგრამა ENPARD რომ დროულად არ გამოჩენილიყო, რაღაც ეტაპზე, ალბათ, ყველაფერს შევიძენდით, მაგრამ ENPARD-ის მხარდაჭერამ ეს პროცესი დააჩქარა. ახალი სერვისების დროულად დამატების შესაძლებლობის შექმნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იყო. საკითხები, რომელთაც ჩვენ აუცილებლად მომავლისთვის გადავდებდით, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, დღის წესრიგში დადგა, შედეგად კი „ზეთა“ უფრო მრავალფეროვან კომპლექსად იქცა. წელს ENPARD-ის გრანტით შეძენილ ინვენტარს პირველად ვიყენებთ. სეზონის დასრულებამდე საბოლოო შედეგებსა და შემოსავლების ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუმრებისთვის საუზმის შეთავაზება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ამასთან, უკვე დაჯავშნულია ველოსიპედის ტურებიც. ჩვენთვის მიღწევაა ისიც, რომ თუნდაც ერთი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ადამიანისთვის, რომელიც სწორედ ამ ველოსიპედებს მიაქცევს ყურადღებას“ – აღნიშნავს ანანო.
ტურისტულ კომპლექსში 12 ადამიანია დასაქმებული. პერიოდულად, მშენებლობისა თუ ინვენტარის ტრანსპორტირების დროს, ცხენებისა თუ სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის ქირაობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობაც საქმდება.
უნიკალური ადგილმდებარეობის გარდა, „ზეთას“ მრავალფეროვნებას განაპირობებს სტუმრები, რომლებიც ჭაუხების ძირში მოქცეულ მინდორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღმოაჩენენ და ეგზოტიკურ გარემოში საცხოვრებლად მოისწრაფიან. ანანო არაბული იხსენებს, რომ მოღვაწეობის პირველ წლებში „ზეთას“  ძირითადი სტუმრები სწორედ ტურისტები იყვნენ. დროთა განმავლობაში კომპლექსით ქართველებიც დაინტერესდნენ.
„დასასვენებლად ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ხშირად ვმასპინძლობთ როგორც ინდივიდუალურ სტუმრებს, ასევე კორპორატიულ ჯგუფებსაც. პირველ წლებში, ფაქტობრივად, ვითვლიდით ხოლმე, რამდენი ქართველი დამსვენებელი გვყავდა. სეზონზე მათი ამჟამინდელი რაოდენობა ტურისტების ნაკადს მაინც არ უთანაბრდება, თუმცა ბევრითაც არ ჩამოუვარდება – დაახლოებით, 60-40% შეფარდებით.
აღსანიშნავია, რომ „ზეთა“ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. დამსვენებლების რაოდენობა, ისევე როგორც შემოსავლები, ყოველწლიურად, დაახლოებით, 20%-ით იზრდება. „ზეთას“ უპირობო წინსვლას ცხადყოფს ისიც, რომ თუ კომპლექსმა 2009 წელს სულ რაღაც 200 სტუმარს უმასპინძლა, წინა სეზონზე  მისი მომსახურებით 8000-მდე ადამიანმა ისარგებლა.
სტუმრების რაოდენობის მუდმივ ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ ჯუთაში ტურიტული სეზონი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მომხმარებლების მაღალი დაინტერესების საპასუხოდ, „ზეთას“ გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად დიდხანს იმუშაოს და მიუწვდომელი იყოს მხოლოდ 4 თვის მანძილზე – ზამთარში, როცა ჯუთაში  გზა სრულად იკეტება. ბევრი სტუმრისთვის ბანაკი მიმზიდველი სწორედ ზამთრის სეზონზეა. სათხილამურო ჯგუფები თუ ექსტრემალები გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ კომპლექსში სწორედ ცივ თვეებში ამოდიან, „ზეთა“ კი მათ თბილი კოტეჯებით უზრუნველყოფს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მომსახურებით სარგებლობაც შეუძლებელი ხდება, დიდთოვლობის გამო ადგილზე ასვლას ვერც „ზეთას“ დამფუძნებლები ახერხებენ.  
მაშინ, როცა „ზეთას“ მშენებლობა დაიწყო, ჯუთაში არც ტურისტი იყო და არც ტურისტული მომსახურება. წლებმა და გამოცდილებამ ადგილობრივ მოსახლეობას უბიძგა, ამ კუთხით განვითარებაზე ეზრუნათ და მსურველთათვის შესაბამისი მომსახურებები შეეთავაზებინათ. დღეს ყველა ცდილობს, რომ თავისი საქმიანობა ტურისტულ სფეროს დაუკავშიროს.
„ჩვენ გვინდოდა, ადამიანებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ყავა დაელიათ იქ, სადაც ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ახლა ჯუთაში რომ ამოხვალ, მსგავსი შთაბეჭდილება ნაკლებად გრჩება იმიტომ, რომ ჯუთა დღეს სულ სხვანაირია, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტურისტული წერტილია. ადგილობრივი მაცხოვრებელების უმრავლესობა საოჯახო სასტუმროს მართავს და ყაზბეგის შემდეგ აქ თითქმის ყველა მოგზაური ამოდის. გარშემო იმდენი რამ გაკეთდა და კეთდება, რომ ბევრს, შეიძლება, ჩვენი ინიციატივა ძალიან მარტივადაც მოეჩვენოს – იფიქროს, ამის მოწყობას რა უნდოდაო, თუმცა მაშინ, როცა ჩვენ მოღვაწეობა დავიწყეთ, „ზეთას“ იდეის განხორციელება მართლაც წარმოუდგენელი იყო“ – აღნიშნავს ანანო.
რაში ხედავენ სტუმრები ეგზოტიკას, რატომ არის „ზეთა“ ასეთი მოთხოვნადი? „პირველ რიგში იმიტომ, რომ მოწყვეტილ ადგილზეა განთავსებული. დარწმუნებული ვარ, სოფელში რომ იყოს, ასეთ მოწონებას არ დაიმსახურებდა“ – აღნიშნავს ანანო. უნიკალურ მდებარეობას ერწყმის მომხმარებელთა მოთხოვნებზე ორიენტირებული მომსახურება, რომელიც მუდმივად იხვეწება. ანანოც და ჯარჯის სულ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მიყვნენ იმ სურვილებს, რომელთაც მათ სტუმრები უზიარებენ. ამას ემატება საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები, რომელიც ბანაკს სხვა ბევრი ტურისტული კომპლექსისგან გამოარჩევს. ეს არის ნიშა, რომლის შენარჩუნებაც დამფუძნებების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
ანანო და ჯარჯი სამომავლოდ „ზეთას“ კვლავ გაფართოებას აპირებენ, პარალელურად კი სხვა ფილიალების გახსნაზეც ფიქრობენ. ადგილები უკვე შერჩეულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტ დეტალებს მაინც არ გვიმხელენ. უპირობოა, რომ ასეთი შრომითა და მონდომებით, ცოდნის გაღრმავებისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის ფონზე ორ მეგობარს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის.
ავტორი: თეა ღვინაძე