(032) 2 293 249‬

LEADER პროგრამის ფარგლებში შოტლანდიაში სოფლის განვითარების მრავალი წარმატებული პროექტი ხორციელდება

პროექტის დეტალები

რა არის სოფლის განვითარების განსხვავებული მეთოდები და როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ შემოქმედებითად, როდესაც მიზნად დავისახავთ სოფელს დავუბრუნოთ ახალგაზრდები, გავაძლიეროთ ის ეკონომიკურად, მივცეთ სოფლის მოსახლეობას სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება. გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს შოტლანდიაშისოფლის განვითარების წარმატებული პროექტების შესახებ და დარწმუნდებით, რომ სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი დარგია სოფლის განვითარებისთვის, მაგრამ არ არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ.

აღნიშნული პროექტები ფრანგული LEADER (Liasons Entre Actions de Développement Rural) პროგრამის მეთოდოლოგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომლის თანახმად რეგიონული განვითარება მაშინ არის ეფექტური, როცა ის ადგილობრივდონეზე წყდება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ვინც უკეთ იცის თუ რა სჭირდება მის რეგიონს. პროგრამა, საწყისი თანხის მოზიდვით, ადგილობრივ თემებში მცხოვრები ადამიანების ხედვის, იდეებისა და ჩანაფიქრების განხორციელების და რეგიონების მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა.

2007 წლიდან შოტლანდიური LEADER პროგრამის ფარგლებში, ევროკავშრის მხარდაჭერით, 2000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რითაც 20-მა სამოქმედო ჯგუფმა ადგილობრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შექმნა უზრუნველყო.

LEADER პროგრამა 2015 წლიდან საქართველოშიც ინერგება.

საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში LEADER-ის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით სამ რეგიონალურ საპილოტე პროექტს ახორციელებს: კახეთში, კერძოდ ლაგოდეხში (ქეა-ავსტრია),მცხეთა-თიანეთში – ყაზბეგში (ადამიანი გაჭირვებაში-ჩეხეთის რესპუბლიკა), და სამცხე-ჯავახეთში – ბორჯომში (მერსი ქორპსი-შოტლანდია). თითოეული პროექტის ფარგლებში ასწავლიან როგორ შეიმუშავონ სათანადო ბიზნეს-პროექტები,დაწერონ ბიზნეს-გეგმა თუ შეადგინონ ბიუჯეტი, და სხვა.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

შოტლანდიაში LEADER პროგრამის წარმატებულ პროექტებზე მომზადებული ეს ფილმი საქართველოში მიმდინარე სოფლის განვითარების პროგრამების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისთვის ძალზე საინტერესო და მაგალითის მიმცემი იქნება.