(032) 2 293 249‬

საოჯახო სასტუმრო „ალეგრია ჰაუსი“ – ყაზბეგში

პროექტის დეტალები

ალექსი ღუდუშაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტში საოჯახო ტიპის სასტუმროს „ალეგრია ჰაუსს“ მართავს. ევროკავშირის ENPARD-ის გრანტით იგი საცხოვრებლად თბილისიდან ყაზბეგში გადავიდა და ოჯახთან ერთად საკუთარი ბიზნესი წარმატებით განავითარა. „საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არ იყოს ცენტრალიზებული მხოლოდ ერთ წერტილში. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება მოსახლეობა რეგიონებში, მით უფრო მომგებიანი იქნება მათთვის და სახელმწიფოსთვის.“ – ამბობს ალექსი ღუდუშაური.
ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს, რითაც საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში ეხმარება. ამჟამად, ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტები  მიმდინარეობს ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტში: ყაზბეგი, ლაგოდეხი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო. აღნიშულ მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის დახმარებით ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (ე.წ. LAG-ბი), შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და კონკურსის წესით შეირჩა და დაფინანსდა ადგილობრივი განვითარების ინიციატივები. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე 275 სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ახალი პროექტების მიმდინარეობის შედეგად ეს რიცხვი მალე ბევრად გაიზრდება. შედეგად, ქვეყანაში დასაქმდა სოფლად მცხოვრები 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო საცხოვრებელი პირობები 10 000-ზე მეტ სოფლის მოსახლეს გაუუმჯობესდა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყანაში სოფლის განვითარებას ცენტრალურ დონეზეც მხარს უჭერს და საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარება.