(032) 2 293 249‬

ფუტკრის რძე მაღალი მთებიდან

წყარო: National Geographic საქართველო

ფუტკრის რძე მაღალი მთებიდან

მაღალმთიან აჭარაში მცენარეთა განსაკუთრებული ნაირსახეობაა, ალბათ ამით აიხსნება აჭარული თაფლის განსაკუთრებული არომატი და გემოც.

ქედის მუნიციპალიტეტი მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ქედა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლეზეა. ქედა ქალაქ ბათუმიდან 41 კილომეტრშია და ვფიქრობ, მისი მონახულება ყველასთვის სასურველია. CENN-ის მიერ გამართული მედიატურის ფარგლებში ქედაში არაერთი საინტერესო რამ ვნახეთ, გავსინჯეთ და მოვისმინეთ, მაგრამ ახლა მინდა მოგითხროთ მეფუტკრე რევაზ თურმანიძის შესახებ, რომელმაც საკუთარი საფუტკრე მეურნეობა დაგვათვალიერებინა და თავისი პროფესიის დადებით მხარეებსა თუ სირთულეებზე გვესაუბრა.
რეზომ გვითხრა, რომ ის ამ საქმეში ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მაშინ მეფუტკრეობა დიდად განვითარებული არ ყოფილა. მან მამის გაკეთებული მორი გვიჩვენა, რომელშიც ადრე ფუტკრები ჰყავდათ. მორი შუაზე გრძივად იყო გაჭრილი. მიუხედავად ჭრილის ასიმეტრიულობისა, ნახევრები ერთმანეთში მჭიდროდ ჯდებოდა. მორის შუაგული ამოღრუტნული იყო, ზედა ნაწილში კი  გამყოფი ხიდი ჰქონდა. „ერთი ნაწილიდან შეგიძლია თაფლი მოიპოვო, მეორეს კი არ უნდა შეეხო, ის მათია“ – ამბობს რევაზი. ასეთი სკები ძირითადად ხეებზე იყო მოთავსებული და მათ ადგილობრივები „ჯარას“ უწოდებენ.

აჭარის მთიანეთში ჯერაც ცოცხალია ნახევრად ველური (გეჯური) მეფუტკრეობა, როდესაც ფუტკარი სპეციალურად გამოთლილ მორებში ან თიხის ჭურჭელში ჰყავთ მოთავსებული. მორისგან გამოთლილი ფუტკრის სათავსოს აჭარული ნაირსახეობაა „ჯარა“.

ადამიანს მხოლოდ მორის მისთვის განკუთვნილი ნაწილიდან შეეძლო ამოეღო თაფლი და არ ერეოდა სკის ცხოვრებაში – ვერც ფუტკარს ამოწმებდა ტკიპებზე და ვერც სხვა პროცესებს აკვირდებოდა. „ადრე ადამიანს ჰყავდა მოშინაურებული ფუტკარი, მაგრამ, ასე ვთქვათ, კულტურულ მეფუტკრეობას არ ეწეოდა. მე კი კულტურულ მეფუტკრეობას ვეწევი და ვცდილობ, გავაუმჯობესო და დავხვეწო ის“ – ამბობს რეზო. კულტურულ მეფუტკრეობას იგი უკვე 10 წელია მისდევს. მას შემდეგ, რაც ფუტკრის სკები მორებიდან ყუთებში გადმოიტანა, უკეთესად აკვირდება ფუტკრებს: „მორებში ვერ ნახულობ, რა ხდება; ყუთებში ადვილია, ვხედავ ყველაფერს, შემიძლია გავყო, გავანაწილო, ვმართო ფუტკარი როგორც მინდა, გამრავლებისკენ, რძის წარმოებისკენ და კიდევ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მივმართო მათი შრომა“ – ამბობს იგი.
რევაზს არა მარტო საკუთარი წარმოების გაუმჯობესება სურს, არამედ უკვე  წლებია ამზადებს მეფუტკრეებს, ეხმარება და უზიარებს მათ თავის გამოცდილებას: „სულ 45 მეფუტკრეს ვასწავლე რძის მოპოვების ტექნოლოგია, მაგრამ ეს იმდენად რთულია, რომ მათგან მხოლოდ ორმა შეძლო ამ მიმართულებას გაჰყოლოდა“.

„მე კულტურულ მეფუტკრეობას ვეწევი და ვცდილობ, გავაუმჯობესო და დავხვეწო ის“ – ამბობს რეზო. კულტურულ მეფუტკრეობას იგი უკვე 10 წელია მისდევს. მას შემდეგ, რაც ფუტკრის სკები მორებიდან ყუთებში გადმოიტანა, უკეთესად აკვირდება ფუტკრებს.

როდესაც რეზომ ფუტკრის რძეზე მუშაობა დაიწყო, არ ეგონა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეცოდინებოდა, თუ რამდენად ძვირფას და სასარგებლო პროდუქტს აწარმოებდა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, დიდი რეკლამა არ დასჭრივებია: – პროდუქტი არასდროს მიჩერდება, ყოველთვის მყავს კლიენტი, შენახვა არ მიწევს, თუმცა შენახვაც არაა პრობლემა, ფუტკრის რძე 2-6 გრადუსამდე ტემპერატურაზე გაყინულ მდგომარობაში ერთი წლის განმავლობაში ინახება და დიდხანს ინარჩუნებს  სამკურნალო თვისებებსო – გვითხრა საუბრისას.
– ფუტკრის რძის მოპოვება ბევრად სარფიანი საქმეა, ვიდრე, მაგალითად, თაფლის. გარდა ამისა, როდესაც რძის მოპოვებაზე მუშაობ, თაფლსაც მეტს გამოიმუშავებ. რძის მოპოვებისას თაფლის რაოდენობა სკაში იზრდება, რადგან, როდესაც დედა ფუტკარი 2000 კვერცხს დებს, მათ მომვლელი, ძიძა ფუტკრები სჭირდებათ (ძიძა ფუტკარი 8-18 დღემდე ასაკის ფუტკარია), რამდენი კვერცხიც არის, იმდენი ძიძა ფუტკარია საჭირო. მე ვიღებ ამ კვერცხებს და მათ ნაცვლად რძის მოსაპოვებლად სპეციალურ ჩარჩოს ვდებ სკაში. ერთ ჩარჩოზე სამი ხიდია, ამ ხიდებზე კი ხელოვნურად გაკეთებული  დაახლოებით 60 სადედეა. სადედეებში კვერცხებს ვათავსებ, შედეგად, მათ  მოვლაში მხოლოდ 60 ძიძა ფუტკარი მონაწილეობს, დანარჩენები კი თაფლის მოსატანად არიან გასულები. სწორედ ამიტომ იზრდება რძის მოპოვებისას თაფლის რაოდენობაცო – გვიხსნის მეფუტკრე.

„ფუტკრის რძის მოპოვება ბევრად სარფიანი საქმეა, ვიდრე, მაგალითად, თაფლის. გარდა ამისა, როდესაც რძის მოპოვებაზე მუშაობ, თაფლსაც მეტს გამოიმუშავებ.“ – ამბობს რეზო.

რეზოს აზრით, დღეს არც ქედაში და, ზოგადად, არც საქართველოში ფუტკარს ეპიდემიური დაავადების საშიშროება არ ემუქრება: „ერთი, რისიც მეშინია, არის ფაროსანა. ჯერჯერობით ის აქეთ არ არის გავრცელებული და, ვიმედოვნებ, არც გავრცელდება“. ფუტკარს ვაროას ტკიპა ვნებს, მაგრამ შესაძლებელია ფუტკრის ისე დამუშავება, რომ მას ტკიპა არ გაეკაროს: „მე უკვე სამი წელია აღარ ვყიდულობ ქიმიურ პრეპარატებს და ბალახეულობას ვიყენებ“. მეფუტკრე ჭიანჭველამჟავას შემცველი ბალახის წყალობით ახერხებს ფუტკრის ტკიპისგან დაცვას, რადგან ამ უკანასკნელთ ამ ბალახის სუნი არ მოსწონთ და ამიტომ აღარ მოდიან.
ფუტკარი ერთ-ერთია იმ ცოცხალ არსებათა შორის, რომლიც არაერთ სასარგებლო და ამავდროულად სამკურნალო პროდუქტს იძლევა. ყველასთვის კარგად ცნობილი თაფლის, ცვილისა და დინდგელის გარდა, ფუტკრის რძეც ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია: – ფუტკრის 10 ძირითადი პროდუქტიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუტკრის რძეაო – ამბობს რეზო.

ფუტკარი ერთ-ერთია იმ ცოცხალ არსებათა შორის, რომლიც არაერთ სასარგებლო და ამავდროულად სამკურნალო პროდუქტს იძლევა.

ფუტკრის ორგანიზმში ფერმენტული სისტემის აქტივობა, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მის სხეულში სხვადასხვა ნივთიერების დაგროვება დამოკიდებულია უმეტესად ყვავილის მტვრითა და ფუტკრის რძით კვებაზე. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტები, თაფლთან ერთად, ფუტკრის ოჯახის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ფუტკრის რძე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ფუტკრებისთვის. მისი საშუალებით ხდება გარკვეულ პერიოდამდე ყველა ფუტკრის გამოკვება. ის ფუტკრები, რომლებიც მხოლოდ მცირე დროით იკვებებიან ფუტკრის რძით, მოგვიანებით მუშა ფუტკრები ხდებიან, ხოლო დედა ფუტკარს, რომელიც სულ რძით იკვებება,  სასქესო ორგანოები უყალიბდება და გამრავლების უნარი აქვს. იგი სხვა ფუტკრებისგან განსხვავებით, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ  40-60 დღეა,  დაახლოებით 7 წელს ცოცხლობს.
ფუტკრის რძე შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ჰორმონალურ ფერმენტებს და მინერალურ მარილებს, ანუ ყველა იმ ძირითად ნივთიერებას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმისთვის არის საჭირო: – ვფიქრობ, სწორედ ამის გამო გამოიყენება ფუტკრის რძე მედიცინაშიო – გვითხრა რევაზმა. ფუტკრის რძეს 55-მდე დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. მათ შორის ისეთი ავადმყოფობებისთვისაც, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ნევროზი, ღვიძლის დაავადებები და ა.შ.

მოწყობილობა, რომელიც მეფუტკრის განუყოფელი ნაწილია საშუალებას იძლევა, რომ ფუტკარი ბოლის საშუალებით გავაბრუოთ, რათა ის ნაკლებად აგრესიული გახდეს და ადამიანი არ დაკბინოს. ბევრმა არ იცის, რომ ამ მოწყობილობას „ფუტი“ ეწოდება, პროცესს კი – „ფუტის კვრა“.

რევაზ თრუმანიძე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას და დახვეწას გეგმავს. იმედი აქვს, რომ ამაში მას CENN-იც დაეხმარება, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში,  ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის განმავლობაში ორგანიზაცია დაახლოებით ერთი მილიონი ევროს ღირებულების გრანტს გასცემს იმ ადამიანებზე, რომლებიც საინტერესო და პერსპექტიულ პროექტს წარუდგენენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. ალბათ, არც ძვირფასი ფუტკრის რძის წარმოება დარჩება ოგანიზაციის ყურადღების მიღმა.