(032) 2 293 249‬

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს ესტუმრა

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს ესტუმრა

2019 წლის 11 სექტემბერს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორების მწვანე ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ.  
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს  გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების განათლებისა და კარიერული წინსვლის შესახებ. მწვანე ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებს თავიანთ თემში არსებული პრობლემები და  მათი აღმოფხვრისთვის შემუშავებული სამომავლო ხედვები გააცნეს.
შეხვედრისას  ასოციაციის წევრმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მეუღლემ, მეტე ჰარცელმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ელჩის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა: 
„საქართველოში ევროკავშირის დახმარების 10% ეძღვნება გარემოს დაცვას. ჩვენი დახმარება ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილება. ამასთან, გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანების სწავლების გარეშე, ყოველდღიურ ცხოვრებაში იზრუნონ გარემოზე, წარმატების მიღწევა ლიმიტირებულია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ მონაწილეობთ მწვანე ბანაკში. ცვლილებები უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური მომავლისთვის ვერ მოხდება თქვენი ლიდერობის, ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე. ჩვენ გვჯერა თქვენი და იმის რასაც აკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის. მე გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და სასიამოვნო დროის გაატარებას მწვანე ბანაკში“ –  ელჩი კარლ ჰარცელი.
ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით და CENN-ის ორგანიზებით 5-13 სექტემბერს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის და ქედისა მუნიციპალიტეტების  მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ინტენსიური შემეცნებით-გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.
ბანაკის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების – „ეს წალკაა“ და „ქედა ლიდერი“. ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს CENN სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.