(032) 2 293 249‬

ქართული მატყლი: კვლავ გახდება თუ არა „ოქროს საწმისი“?

ქართული მატყლი: კვლავ გახდება თუ არა „ოქროს საწმისი“?

3 ივლისი, 2017 წელი

ავტორი: რატი კოჭლამაზაშვილი, ფატი მამარდაშვილი

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის. თუმცა ევროკავშირის ბაზარს სურსათის უვნებლობის მკაცრი მოთხოვნები აქვს, რაც ართულებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მკაცრად რეგულირდება. ქართულმა მატყლმა გასულ წელს წარმატებით დააკმაყოფილა საჭირო სტანდარტები და გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე (რომელიც ჯერჯერობით კვლავ ევროკავშირის წევრია) ექსპორტზე გავიდა. ეს ნამდვილად წარმატებაა!
სახელოვანი წარსული და თანამედროვე გამოწვევები
წარსულში მატყლის წარმოება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო ქართველი მეცხვარეებისთვის. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოს 2 მილიონზე მეტი ცხვარი ჰყავდა (დღევანდელ პოპულაციაზე დაახლოებით ორჯერ მეტი), რისთვისაც ზამთრის საძოვრებად კასპიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაც კი გამოიყენებოდა. კარგად იყო განვითარებული მატყლის გადამუშავება და ტექსტილის ინდუსტრია, ერთი კილო ნედლი მატყლის ფასი კი 12-15 მანეთს შეადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მოაკლდა ზამთრის საძოვრები, რადგან ქვეყანას აღარ მიუწვდებოდა ხელი კასპიის ზღვის მიმდებარე საძოვრებზე; გარდა ამისა, ცხვრის პროდუქტებმა დაკარგა ტრადიციული საბჭოთა ბაზარიც. სხვა ბევრი ინდუსტრიის მსგავსად, მატყლის წარმოებაც ჩამოიშალა.

დღეს, ცხვრის ფერმების მთავარი შემოსავალია ცოცხალი ცხვრის (თოხლის)და ცხვრის ყველის (განსაკუთრებით, თუში მეცხვარეებისთვის) გაყიდვა, მატყლს უმნიშვნელო როლი უკავია ფერმერთა შემოსავლებში (კოჭლამაზაშვილი და სხვები, 2014 წ.). საქართველოში მხოლოდ ორი მოქმედი გადამამუშავებელი ფაბრიკაა, ორივე ძველი, საბჭოთა დროინდელი დანადგარებით…

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველომ აწარმოა 2,000 ტონა მატყლი (საშუალოდ, 2.4 კგ. მატყლი ერთ ცხვარზე). 2016 წელს ნაპარსი მატყლის მთელი რაოდენობიდან 50%-ზე მეტი (1,062 ტონა) გავიდა ექსპორტზე როგორც ნედლი მატყლი შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი (77%), უკრაინა (10%), ინდოეთი (9%), გაერთიანებული სამეფო (2%) და პაკისტანი (2%).
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (*2017 წლის პირველი 5 თვის მონაცემები)
ფასები განსხვავდება საექსპორტო პარტნიორების მიხედვით. 2016 წელს ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა გაერთიანებულმა სამეფომ ($773/ტონა), შემდეგ მოდის უკრაინა ($694/ტონა), ინდოეთი ($641/ტონა), თურქეთი ($463/ტონა) და პაკისტანი ($389/ტონა). საშუალოდ, 2016 წელს ექსპორტებული ერთი ტონა მატყლის ფასი 507 აშშ დოლარი იყო. 2016 წელს საქართველოს ბაზარზე მუშაობდა 5 ექსპორტიორი კომპანია, მათგან ორს ეჭირა ბაზრის 78%.

საქართველოს მატყლის დარჩენილი ნაწილი გამოყენებული იყო ადგილობრივად შალის ნივთების საწარმოებლად, თუმცა დიდი ნაწილი უბრალოდ განადგურდა (დაწვეს ან გადაყარეს). რესურსების ამგვარი ფლანგვა არამხოლოდ ეკონომიკური პრობლემაა, არამედ გარემოსაც აზიანებს…
არც ისე ბევრი წარმატებული მაგალითი!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ნედლი მატყლის ექსპორტი იზრდება და სულ უფრო დივერსიფიცირებული ხდება (ევროკავშირის ჩათვლით), ქართული მატყლის ფასი იკლებს. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ფერმერები კილოგრამ ნედლ მატყლში 30-40 თეთრს იღებენ, რაც გაპარსვისა და ტრანსპორტირების ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ამის გამო, ფერმერებს არ აქვთ მოტივაცია, აწარმოონ მაღალი ხარისხის მატყლი. მეტიც, ბევრ შემთხვევაში ფერმერები მატყლს წვავენ ან ყრიან. სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწოდება, როცა ფასი გაიზრდება… როგორ შეიძლება ამის მიღწევა?!

მატყლის საწარმო „თუშეთმა“ ნაწილობრივ შეძლო ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. კომპანია ერთ კილოგრამ კარგი ხარისხის მატყლში 1 ლარს იხდის და ფერმერებიც მოტივირებული არიან, მაღალი ხარისხის პროდუქტი აწარმოონ. თუმცა დღეს ამ ქარხანას წელიწადში მხოლოდ 25-30 ტონა მატყლის შეძენა შეუძლია, რაც ზღვაში წვეთია ქართული მატყლის მთლიანი რაოდენობის ფონზე. „მეტი მოთხოვნაა დამუშავებულ მატყლზე (გარეცხილი, შეღებილი, დართული, მოთელილი), მაგრამ ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან მატყლის გარეცხვისა და გაშრობის სიმძლავრეები შეზღუდული გვაქვს (ასევე, მოძველებული სართავი მანქანების გამო),“ – ამბობს დიტო არინდაული, შპს თუშეთის დირექტორი.

კოჭლამაზაშვილისა და სხვების (2014 წ.) მტკიცებით, მატყლის ინდუსტრიის განვითარება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემოსავალს მოუტანს სოფლის მაცხოვრებლებს და ნაკლებ ზიანს მიაყენებს საქართველოს ბუნებას. თუშურ ცხვარს უხეში მატყლი აქვს, რაც ხალიჩებისა და თექისთვის კარგი ნედლეულია (თუმცა საერთაშორისო ბაზარზე უხეში მატყლის ფასი დაბალია). მატყლის გადამუშავების ტექნიკა ძალიან ძველია და კვლავ ფართოდ გავრცელებულია სოფლად მცხოვრებ ქალებში. გარდა ამისა, კოლეჯები და სკოლები ამზადებენ და ყიდიან მატყლის პროდუქტებს – შალის წინდებს, ქუდებს, სუვენირებს, ტრადიციულ ნაბადს, თექის ნაწარმს და სხვ. მოთხოვნა ნახევრად დამუშავებულ მატყლზე იზრდება, რადგან შალის ტანსაცმელი და აქსესუარები პოპულარული ხდება ქართველებსა და ტურისტებში. ქართული მატყლის პროდუქტები საერთაშორისო ყურადღებასაც იპყრობს. მაგალითად, ორმა თუშმა დამ გახსნა სკოლა „მწყემსის სახლი“ იტალიაში, რომში, სადაც ასწავლიან შალის ნაწარმის დამზადებას. მათ მიერ დამზადებულ ნაბდებს, რომლებზეც ხატებია მოთელილი, იყენებენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და რომის პაპი ფრანცისკი. გარდა ამისა, დებმა ქოთილაიძეებმა ახლახანს თბილისის მერსედესის მოდის კვირეულის ფარგლებში იმუშავეს ჩანთების ბრენდთან TL-180, რომელიც ეკუთვნის პარიზში მოღვაწე ფრანგ და იტალიელ დიზაინერებს.

ამასთან, ახალი ტექნოლოგიები უხეშ მატყლს იყენებს სამშენებლო ინდუსტრიაში. მატყლი ბუნებრივი ბოჭკოა, კარგი თერმოიზოლაციური თვისებების გამო ენერგოეფექტურია. ამიტომაცაა, რომ „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ უკვე რამდენიმე წელია, თანამშრომლობს მატყლის გადამამუშავებელ საწარმო თუშეთთან.
გზა წარმატებისკენ…
ხელისუფლება და დონორები უნდა დაეხმარონ ამ სექტორს ახალი პროდუქტების შექმნასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში. ეს დამატებით ღირებულებას შესძენს ქართულ მატყლს. დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების შექმნის შემდეგ, თანაბრად მნიშვნელოვანია ამ ღირებულების სამართლიანად განაწილება ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებზე. სოფლის მეურნეობის სხვა ღირებულებათა ჯაჭვების მსგავსად, მთავარია მონაწილეებს შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაუმჯობესება. მაგალითად, დამატებითი ღირებულების შექმნისა და მისი სამართლიანი განაწილების კარგი გზაა მატყლის კოოპერატივების შექმნა. ასეთ კოოპერატივებში ფერმერებს შეეძლებათ, ერთად გაპარსონ, შეაგროვონ, დაახარისხონ, დაამუშაონ და ბაზარზე გაიტანონ მატყლი. ეს, სავარაუდოდ, შეუმცირებს მათ ხარჯებს და მეტ ღირებულებას შესძენს მათ პროდუქციას. ერთობლივი მარკეტინგი მათ მეტ სავაჭრო ძალაუფლებას შეჰმატებს და უკეთესი ფასების მიღების შესაძლებლობას გაუჩენს.

ჯერჯერობით საქართველოში არც ისე ბევრი მატყლის კოოპერატივია. ერთი მაგალითია მატყლის მპარსავი კოოპერატივი, რომელიც თუშ მეცხვარეებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დახმარებით რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. მატყლის ღირებულებათა ჯაჭვში კოორდინაციის პრობლემის გადასაჭრელად იმავე დონორმა ახლახანს გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას – დაეხმაროს მატყლის გადამამუშავებელ კომპანია „თუშეთს“, დააკავშიროს ის ჯერ მატყლის მპარსავ კოოპერატივებთან და შემდეგ მატყლის საბოლოო ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებთან, რათა ადგილობრივად იწარმოოს დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტები, ამბობს კარიტასში პროექტის მენეჯერი, ანზორ გოგოთიძე.

ასეთი ინიციატივები უნდა დაჩქარდეს, რომ მატყლის დანაკარგი თავიდან ავიცილოთ. მატყლის ექსპორტის ზრდა (ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ჩათვლით, რასაც დიდად შეუწყო ხელი სხვა დონორმა, შვეიცარიის განვითარების სააგენტომ და განახორციელა მერსი ქორფსმა), მატყლის გადამუშავების და ტექსტილის ინდუსტრიის განვითარება ამ დაკარგულ რესურსს კვლავ ეკონომიკაში დააბრუნებს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და შემოსავლებს ქვეყანაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული მატყლი კვლავ გახდება „ოქროს საწმისი“ კოლხეთის იმ ოქროსმატყლიანი ვერძის მსგავსად, რომელზეც მოგვითხრობს ცნობილი მითი არგონავტების შესახებ.
* * *

ი. კოჭლამაზაშვილი, ლ. სორგი, ბ. გონაშვილი, ნ. ჭანტურია და ფ. მამარდაშვილი (2014 წ.): ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი. კვლევა ჩატარდა Heifer International-ისთვის.

სტატია მომზადდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებითა და ქეასთან თანამშრომლობით. დოკუმენტის შინაარსი არის მხოლოდ ქეასა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას.
 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.