(032) 2 293 249‬

ქედის განვითარების ჯგუფი დედამიწის დღის აღსანიშნავ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა

ქედის განვითარების ჯგუფი დედამიწის დღის აღსანიშნავ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. წლევანდელი თემა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარემოსდაცვით გამოწვევას ეხმიანება – გლობალურად პლასტმასის ნარჩენის შემცირება. ამ დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) საქართველოს მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით კამპანიაში „გარემოს გულისთვის“ ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში, ქედის LAG-მა ადგილობრივი თემის მობილიზება მოახდინა და მუნიციპალური ცენტრის სკვერის დასუფთავება-გამწვანების აქცია გამართა. დასუფთავებულ სკვერში რამდენიმე სახეობის ხეების დარგვა მოხდა. ნერგები ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში მონაწილე აჭარის სკოლებს გადასცა საჩუქრად. აღსანიშნავია, რომ ქედის LAG მომავალშიც განაგრძობს ზრუნვას აღნიშნულ ტერიტორიაზე და პერიოდულად კვლავ დაასუფთავებს სკვერს.
კამპანია „გარემოს გულისთვის“ მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანია ხორციელდება გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის ინიციატივით, USAID მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მასში მონაწილეობის მიღება ნებისნიერ მსურველ ორგანიზაციას, თუ კერძო კომპანიას შეუძლია.  აქვე აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქციის გამართვა შესაძლებელი გახდა CENN-ის პროეტის – ტყის მდგრადი მართვა ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მხარდაჭერით.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.