(032) 2 293 249‬

ქედის მუნიციპალიტეტს ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ავსტრიის დელეგაცია ესტუმრა

ქედის მუნიციპალიტეტს ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ავსტრიის დელეგაცია ესტუმრა

2019 წლის 19-24 ოქტომბერს, ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ქედის განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით, ავსტრიის სხვადასხვა ლიდერ რეგიონის მერები, პარლამენტის წევრები, მედიის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები აჭარას სტუმრობდნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ქედის განვითარების ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობების გაცნობა, ორ ქვეყანას შორის არსებული გამოცდილების გაზიარება და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.  
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. 
აჭარის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ავსტრიის დელეგაციის წამომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, ლიდერ მიდგომის მნიშვნელობას, როგორც რეგიონის განვითარების ეფექტურ ინსტრუმენტს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ, ავსტრიელ სტუმრებს გააცნო რეგიონის განვითარების პოტენციური მიმართულებები, შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა სოფლის განვითარებისას ევროპული LEADER მიდგომის გამოყენების მნიშვნელობას. „ევროპული გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების განხორციელება და LEADER მიდგომის მხარდაჭერა აჭარის რეგიონის სოფლის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,“ – აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრისას ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ პროექტის ფარგლებში ავსტრიელებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან ავსტრიელი პარტნიორები. ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ავსტრიული მოდელის მიხედვით. ავსტრიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,“ – განაცხადა გიორგი აბულაძემ. 
ავსტრიელი სტუმრები ასევე ეწვივნენ ხულოს განვითარების ჯგუფს, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა და მოინახულეს ხულოს განვითარების ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტები.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.