(032) 2 293 249‬

ქუთაისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ევროპის დღე გაიმართა, ამჯერად ქუთაისში. კვირას, 2018 წლის 3 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, ქუთაისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, ქუთაისის ცენტრალური პარკი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.
ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს ქუთაისის მერის მოადგილებ, ნინო თვალავაძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ნიკოლა ბეკასიაკმა.  
ღონისიებაზე, ENPARD-ის რამოდენიმე ბენეფიციარმა, იმერეთის და რაჭის რეგიონებიდან, ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა. კოოპერატივებმა „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ და „ლუხუნი“, ამბროლაურიდან, ასევე კოოპერატივმა „თაფლი საჩინო“, ვანიდან, სტუმრებს დასაგემოვნებლად თაფლი შესთავაზა. თერჯოლის კოოპერატივებმა „მეღვინეობა საზანო“ და “თერჯოლის ღვინო”, ასევე ამბროლაურის კოოპერატივმა „ჯვარისა XXI“ ადგილობრივი წარმოების საუკეთესო ღვინო წარმოადგინეს. კოოპერატივმა „ძულუხი“ სტუმრებს ვანში მოყვანილი თხილი შესთავაზა. თერჯოლის კოოპერატივი „იმერული“ ბავშვებს ადგილობრივი წარმოების უგემრიელესი ნაყინით გაუმასპინძლდა. ამასთან, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო კოოპერატივი „ზესტაფონურის“ ყველის ნაირსახეობა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს კოოპერატივმა “ჩიბათი“, ლანჩხუთიდან – ჩაი, ხოლო კოოპერატივმა „ქალთა ძალა“, ბაღდათიდან, იმერეთში მოყვანილი ევროპული ჯიშის მარწყვი შესთავაზა.
ევროპის დღის აღნიშვნა ივნისის თვეში გაგრძელდება. შემდეგი გაჩერება ლაგოდეხი იქნება.