(032) 2 293 249‬

RDFG-მ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ თეთრიწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღე აღნიშნა

RDFG-მ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ თეთრიწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღე აღნიშნა

6 ივლისს, მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღესთან დაკავშირებით, RDFG-იმ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგს, რომელსაც სამღერეთის, ხაიშისა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრები ესწრებოდნენ, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე ახაგაზრდები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ბიო პროდუქციის წარმოება, კვების პროდუქტების ხარისხი, ორგანული და გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ჯანმრთელი კვება და სურსათის უვნებლობის სტანდარტები. ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის გასამყარებლად, ახალგაზრდებმა წინწყაროში, ყველის ქარხანაში გადაინაცვლეს, რომლის დირექტორმაც ადგილზე აჩვენა როგორ ხდება რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და „წინწყაროს“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველიც დააგემოვნებინა. ღონისძიების ფარგლებში ფერმერთა ცენტრების წევრ ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცათ და ერთმანეთს ფერმერთა ცენტრებში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს.
„მე მინდა ჩემი სოფელი განვითარდეს და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის აქ მეტი შესაძლებლობები იქმნებოდეს“ – ამბობს მარიამი, სამღერეთის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ერთ-ერთი წევრი. ის და მისი მეგობრები ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ სოფლის განვითარებაში და RDFG_ის დახმარებით უკვე პროექტიც დაწერეს და დაფინანსებაც მოიპოვეს ახალგაზრდა ფერმერების შეკრების ადგილის მოსაწყობად, სადაც ისინი ახლა უკვე საკუთარი ინიციატივითაც შეძლებენ შეხვედრას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას.
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, RDFG-ს მოდელია, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს  აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ფერმერთა ცენტრების დახმარებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებით ახალგაზრდები ცდილობენ თავიანთ სოფლებს ახალი სიცოცხლე შესძინონ და ისეთ ადგილად აქციონ, სადაც თვითონვე ისურვებდნენ ცხოვრებას.
RDFG-იმ, ევროკავშირის მხარდაჭერით, მსგავსი ცენტრები უკვე თეთრიწყაროს 8 სოფელში შექმნა და ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებას, ლიდერობას, სამოქალაქო ჩართულობას ასწავლის და, რა თმა უნდა, მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობის ახალ ტექნოლოგიებს აცნობს, რაც სოფლის მეურნეობას და მეწარმეობას მათთვის გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის. გარდა ტრენინგებისა, RDFG-ის დახმარებით ისინი სადემონსტრაციო ნაკვეთებსაც ქმნიან, სადაც პრაქტიკაში ახორცილებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას. მომავალში ეტაპობრივად დამატებით 10 ფერმერთა ცენტრის შექმნა იგეგმება მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში.   
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFCs) მოდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.