(032) 2 293 249‬

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

თბილისში სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისი. 8 აპრილი 2019 – საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, რომელიც 2019 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა.
კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 2016 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია მიიღო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სრულიად ახალი ხედვა შემოიღო, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას ეყრდნობა. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს“, – დასძინა მან.
“ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს სოფლის განვითარების წარმატებაში. მოუთმენლად ველით ყველა საკვანძო სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას სოფლად დასაქმებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. „საქართველოში ევროპული გამოცდილების გადმოტანამ ქვემოდან ზემოთ მიმართული მიდგომის უპირატესობები გამოავლინა. ასეთი მიდგომის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საკუთარ ხელში აიღოს“, – თქვა მან.
„სოფლის განვითარება უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის მოგვარებაში დაეხმარება საქართველოს. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 43 პროცენტი ფერმერობას მისდევს, მაგრამ მათ მიერ  შექმნილი დოვლათი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „ახალი სტრატეგიის მიზანია ამ განსხვავების შემცირება, საქართველოში უფრო პროფესიული და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბება, სოფლად ფერმერობისგან განსხვავებული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, – დასძინა მან.    
სოფლის განვითარების კონფერენციას ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ექსპერტები დაესწრნენ. მათ შორის არიან მარკუს ჰოფნერი – ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე, და ლასლო ვაჟდა – უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში.
კონფერენციის მსვლელობაში გამართული მსჯელობა პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხო. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენებისა და ქართული რეალობისათვის ადაპტირების გზები.
სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.
სოფლის განვითარების კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.