(032) 2 293 249‬

საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების ევროპულ ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობას აყალიბებენ

საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების ევროპულ ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობას აყალიბებენ

12/12/2018, თბილისი – 2018 წლის 28-29 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერილმა ბორჯომის განვითარების ჯგუფის (LAG) და ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ LINC-ის (Leader Inspired Network Community) შეხვედრაში. ღონისძიების მიზანი იყო განვლილი შეხვედრებიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და LINC-ის მომავალი სემინარების უკეთ დაგეგმვა. LINC-ის ქსელის მონაწილეებმა განხორციელებული საერთაშორისო პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ LINC-ის პარტნიორი ორგანიზაციების და საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თანამშრომლობის შესაძლებლოლები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, LINC-ის ორგანიზატორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს LAG-ები LINC-ის მიერ ორგანიზებულ ყველა სამუშაო შეხვედრასა და კონფერენციაში ჩაერთვებიან.
ამასთან, ევროპელმა პარტნიორებმა იმსჯელეს მომავალში LINC-ის კონფერენციის  საქართველოში ჩატარების თაობაზე. LINC კონფერენციის მასპინძლობა დიდი პატივია ევროპის ქვეყნებში არსებული  სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს დიდი შესაძლებლობაა კავშირები დაამყარო და საერთაშორისო პროექტები განახორციელო ევროპულ LAG-ებთან. კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომავალ წელს სამუშაო შეხვედრა LINC-ის პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით ბორჯომში გაიმართება. აღნიშნულის თაობაზე,  ბორჯომის LAG-ი კონსულტაციებს გამართავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG), საქართველოში მოქმედ ყველა LAG-თან და ევროკავშირის ENPARD პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან.

LINC არის ევროპული LEADER კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ევროპული გამოცდილების გაზიარება სპორტული ღონისძიებებისა და ევროპული კულინარიის დემონსტრირების პარალელურად ხდება. იგი წარმოადგენს ევროპული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ების), ავსტრიის, გერმანიის, ესტონეთისა და ფინეთის სოფლის განვითარების კავშირების ინიციატივას. კონფერენცია ევროპული LEADER მიდგომის გამოყენებით სოფლის განვითარებისთვის  მიღწეული შედეგებისა და ინოვაციური მეთოდების წარმოჩენას, LEADER მიდგომის განმახორციელებელი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის კავშირების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge