(032) 2 293 249‬

საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

21.06.2018 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობამ საქართველოში მოლდოვას დელეგაციის ორდღიან ვიზიტს უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებმა ის რეკომენდაციები და გამოცდილებები გაცვალეს, რომელთა შეძენაც ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტებით გახდა შესაძლებელი.
ინფორმაციის გაცვლის სემინარში, რომელსაც FAO მასპინძლობდა, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ორივე ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. ფინანსური დახმარების პროგრამები, პოლიტიკის შემუშავება, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის, სოფლისა და ინსტიტუციური განვითარების ასპექტები მოლდოვას დელეგაციის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა, რადგან საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება ENPARD-ის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების განხორციელების.
ღონისძიება FAO-საქართველოსა და FAO-მოლდოვას წარმომადგენლებმა გახსნეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ძირითად შედეგებს, რომლებსაც საქართველომ 2013, ხოლო მოლოდვამ 2014 წლიდან  ENPARD-ის ფარგლებში მიაღწიეს.
„FAO აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ENPARD-ის პროექტების განხორციელების სამივე ფაზაში. ჩვენ დახმარებას ვუწევდით სახელმწიფო ინსტიტუციებს პოლიტიკის შემუშავებასა და შესაძლებლობების განვითარებაში, რამაც ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა. FAO-მ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით 16.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები განახორციელა  და გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, შეძენილი გამოცდილება ახლა მოლდოველ დელეგატებს გავუზიაროთ. ასევე, საინტერესოა მათი გამოცდილების მოსმენაც“, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.
„მოლდოვასთვის ENPARD-ის პროგრამებს დიდი სარგებელი მოაქვს – ხელი ეწყობა სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას. FAO მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროექტების განხორციელებაში, სთავაზობს რა ქვეყანას საკუთარ ექსპერტიზას ქვეყნის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია FAO-ს მხრიდან მოლდოვასა და საქართველოს შორის მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრის ინიცირება“, – განაცხადა თიუდორ რობუმ, FAO-ს წარმომადგენელმა მოლდოვაში.
მოლდოვასა და საქართველოში ENPARD-ის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ პრეზენტაციები ორივე ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა გააკეთეს. პრეზენტაციები დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდებოდა.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა და ატაშემ კრისტინა კასელამ საკუთარ გამოსვლაში მსგავსი ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „გასული წლების მანძილზე ევროკავშირი ENPARD-ის საშუალებით მნიშვნელოვან თანადგომას უცხადებდა საქართველოსა და მოლდოვას მთავრობებს. გაძლიერდა ინსტიტუციები და პოლიტიკის შემუშავება, დაინერგა ინოვაციური პროგრამები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთამანეთს გამოცდილებას უზიარებს. ამან შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს სამომავლოდ შესაბამისი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა ქნ. კასელამ.
ვიზიტის მეორე დღე გასვლით შეხვედრებს დაეთმო ლაგოდეხში, კახეთის რეგიონში, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე დანერგილია სოფლის განვითარების ევროპული  მოდელი (LAG/LEADER). მოლდოვას დელეგატები შეხვდნენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმირებაში სოფლის განვითარების ხელშესაწყობად.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge