(032) 2 293 249‬

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონალური დასაქმების ფორუმი იმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონალური დასაქმების ფორუმი იმართება

პარასკევს, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აწყობს რეგიონალურ დასაქმების ფორუმს.  ფორუმი ტარდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში.
დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელი სამუშაოს მაძიებლები და ქვემო ქართლის რეგიონის 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი. დამსაქმებელთა შორის ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე RDFG-ის თეთრიწყაროს განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულიც.
ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება გაეცნოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს და მიიღოს ინფორმაცია მათი აქტიური ვაკანსიების შესახებ. ასევე ადგილზე გაეცნოს ფორუმზე წარმოდგენილ დამსაქმებელთა შემოთავაზებებსა და პირობებს.
ფორუმი იმართება RDFG_ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რომელიც უმუშევარ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
გვანცა ქოქოშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი,
598450291; gkokoshvili@rdfg.ge