ევროკავშირის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი Covid-19-ის შესახებ საინფორმაციო კამპანიას უმცირესობების ენებზე ახორციელებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი Covid-19-ის შესახებ საინფორმაციო კამპანიას უმცირესობების ენებზე ახორციელებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, 4 მაისი, 2020 – Covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ევროკავშირისა და RDFG-ის მხარდაჭერით, არაქართულენოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანიას უმცირესობების ენებზე ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, 20-მდე სახის საინფორმაციო პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ვრცელდება, როგორც ელექტრონულად, ისე ადგილობრივად.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით რთულია მას შემდეგ, რაც 20-მდე ადგილობრივს ვირუსი დაუდგინდა და მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს LAG ადგილობრივ მოსახლეობას სამ ენაზე აწვდის ინფორმაციას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დარჩნენ სახლში და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის შემდგომი გავრცელება. თეთრიწყაროს LAG მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი ინფორმირება, ამიტომ, ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) წევრ სკოლის მოსწავლეებს Covid-19-ის შესახებ სახალისო კითხვარებს ელექტრონულად უგზავნის და ამ გზით ცდილობს მათი ვირუსის შესახებ ინფორმირებას.
“იმ რეალობის გათვალისწინებით, რასაც ახლა ვხედავთ, ჩვენი მთავარი მისიაა, რომ თითოეულმა ადგილობრივმა იგრძნოს პასუხისმგებლობა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. როგორც აღმოჩნდა, ამ სიტუაციაში ჩვენი მთავარი იარაღი ინფორმაციაა და რადგან მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების უამრავი წარმომადგენელი ცხოვრობს,  საინფორმაციო კამპანიას მათ ენებზეც ვახორციელებთ. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მოთმინებით პანდემიას მალე დავამარცხებთ“, – თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 20%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ, მათ შორის აზერბაიჯანელები და სომხები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ ენას თითქმის არ ფლობს, ამიტომ ახალი კორონავირუსისა და  საქართველოს მთავრობის რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მათთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით გადაწყვიტა თეთრიწყაროს LAG-მა საინფორმაციო კამპანია სამ ენაზე განეხორციელებინა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადაბისთანავე, თეთრიწყაროს LAG-ის ინიციატივითა და RDFG-ს მხარდაჭერით, ENPARD თეთრიწყაროს პროექტი სრულად გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, თეთრიწყაროს ლაგის საერთო კრება (89 ადამიანი) არ წყვეტს პროექტის საგრანტო კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას – მიმდინარე კვირაში გეგმავს ელექტრონულად განიხილოს და დაამტკიცოს მესამე საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები. 
თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს ლაგი ერთ-ერთია თორმეტ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. ვრცლად ENPARD-ის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვებსაიტზე www.enpard.ge