(032) 2 293 249‬

თეთრიწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ს დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

თეთრიწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ს დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა. დასკვნითი ღონისძიება RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში გაიმართა. პროგრამის პირველი ფაზის შედეგად, 20 მონაწილიდან 8 უკვე დასაქმდა, დანარჩენები კი აქტიურად აგრძელებენ სამუშაოს ძიებას.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელებმა შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. შეხვედრას ადგილობრივი სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორმალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო ნომინაციაში წარადგინეს, დააჯილდოვეს და პროგრამის განმავლობაში გადაღებული არაფორმალური ვიდეოების ჩვენება გამართეს.
ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარების პროცესში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა თითოეული მათგანის ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.  „პროგრამა დამეხმარა უკეთ შემეცნო საკუთარი თავი და რაც მთავარია დავსაქმებულიყავი. კონკრეტული ცოდნის და გამოცდილების მიღებასთან ერთად, გავხდი უფრო აქტიური, თავდაჯერებული და გავიაზრე თუ რისი კეთება მინდა ცხოვრებაში. რაც მთავარია, სწავლის პროცესი იყო ძალიან სახალისო და სასიამოვნო, ამიტომაც სესიებზე ყოველთვის სიხარულით მოვიჩქაროდი” – აღნიშნა დასაქმების პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ თინათინ დონაძემ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრი 20 სამუშაოს მაძიებელი 5 თვის განმავლობაში დასაქმების პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას. გარდა ინდივიდუალური სესიებისა, რომელსაც პროგრამის მენტორი ხელმძღვანელობდა, კვირაში ორჯერ ჯგუფური შეხვედრები იმართებოდა. Cv-ს და სამოტივაციო წერილის წერა, თვითპრეზენტაცია, ემოციის მართვა და კონფლიქტის გადაჭრა, მეწარმეობა, სათემო პროექტების წერა – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჯგუფური სესიების დროს განიხილებოდა. შედეგად, მონაწილეებმა დასაქმებისა და შრომით ბაზარზე ინტეგრაციისთვის საჭირო უნარები შეიძინეს.  
პროექტის მენტორის, ანა ხუციშვილის თქმით, პროგრამის წარმატების საიდუმლო მის მეთოდოლოგიაშია. „ის არადირექტიული მეთოდოლოგია, რომლითაც ხდება მონაწილეების გააქტიურება, ვფიქრობ, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროგრამის წარმატებაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მონაწილეთა გუნდურობა. სესიების განმავლობაში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ერთმანეთისთვის ვაკანსიებსაც კი ეძებდნენ და შედეგად გვქონდა პრეცედენტი, როდესაც ერთი მონაწილის დახმარებით მეორე დასაქმდა. მონაწილეთა ასეთი ერთსულოვნება, ვფიქრობ, იმ გარემოს და არაფორმალური მეთოდოლოგიის დამსახურებაა, რომლითაც პროექტის წარიმართება” – აღნიშნა ანამ.
მართალია დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა, თუმცა, პროექტის გუნდი გააგრძელებს მონაწილეებთან კომუნიკაციასა და მათი დასაქმების შემთხვევების აღრიცხვას. მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამის კიდევ 5 ფაზის განხორციელება იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეების შერჩევა მომდევნო ჯგუფისათვის, რომელიც 20 აპრილს დასრულდება.
დასაქმების პროგრამის მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ RDFG-ს ვებგვერდს.
RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.