(032) 2 293 249‬

WWW.VISITLAGODEKHI.COM – ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებ-გვერდი შექმნა

WWW.VISITLAGODEKHI.COM – ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებ-გვერდი შექმნა

„აღმოაჩინე კავკასიის ჭეშმარიტი ბუნება…სადაც დოვლათიანი ბაღები, უძველესი ტყე და ცად აზიდული მთები ხვდებიან ერთმანეთს!“ ეს დახასიათება ლაგოდეხს ეკუთვნის და მას მუნიციპალიტეტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე www.visitlagodekhi.com  წაიკითხავთ. გვერდი სულ ახლახანს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრი ახალგაზრდებისა და ევროპელი მოხალისეების ძალისხმევით, და მისი საშუალებით, ლაგოდეხის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აღმოაჩენთ.
ლაგოდეხისთვის საკუთარი ვებ-გვერდის გაკეთება LAG-ის აქტიური ახალგაზრდების იდეა იყო, რომლებიც ხედავდნენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უფრო მრავალფეროვანი გახდა და საკუთარი ბრენდის შექმნასაც იმსახურებდა. ბევრმა არ იცის, რისი შეთავაზება შეუძლია ამ მუნიციპალიტეტს თავისი სტუმრებისთვის. ამიტომ, საჭირო იყო, მეტ ადამიანს მიეღო სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ელოდოს აქ სტუმრობისას: არამარტო ქალაქ ლაგოდეხში, არამედ მის მიმდებარე სოფლებშიც, სადაც უამრავი რამ არის სანახავი: სათევზაო ტური სოფელ ჰერეთისკარში, ლუდსახარში აფენში, თუ ღვინის ტური ლელიანში…
ლაგოდეხით სიამაყის გაზიარებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად საუკეთესო გზა ვებ-გვერდის შექმნა აღმოჩნდა. ამისთვის, LAG-ის წევრმა ახალგაზრდებმა სწრაფად დაიწყეს რესურსების მოძიება და მალე დააინტერესეს ლაგოდეხში მყოფი მოხალისეებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან. ხუთი შეხვედრის განმავლობაში ახალგაზრდებმა გაინაწილეს პასუხისმგებლობები და საიტზე მუშაობას შეუდგნენ. ერთი თვის თავზე კი მცირე რესურსებით შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელიც ნამდვილად ქმნის წარმოდგენას ლაგოდეხის მრავალფეროვანი პოტენციალის შესახებ.
ახლა ვებ-გვერდის სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ერთად თავმოყრილი ყველა სახის ინფორმაცია ლაგოდეხის ისტორიის, კულტურული ღონისძიებების, სხვადასხვა ტურებისა და სალაშქრო მარშრუტების შესახებ. ვიზიტორებს შეეძლებათ თავიდან ბოლომდე დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა, დაწყებული ტრანსპორტირებითა და სასტუმროებში განთავსებით, დამთავრებული ინფორმაციით სხვადასხვა ფესტივალებისა და სამუზეუმო ტურების შესახებ. საიტიდან მიხვდებით, რომ ლაგოდეხს ყველანაირი სახის მომსახურების შეთავაზება შეუძლია: მათთვის, ვინც ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენას გეგმავს, და მათთვისაც, ვინც აგრო-ტურიზმით არის დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ საიტზე აგრეთვე მითითებულია ამა თუ იმ მომსახურების ზუსტი ან მიახლოებითი ფასიც, რაც ასე მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის.  
გვერდის ავტორები გეგმავენ, ვებ-გვერდი კიდევ უფრო განავითარონ და განაახლონ ინფორმაციებით ლაგოდეხში განვითარებული საინტერესო მოვლენების შესახებ. LAG-ის ახლაგაზრდული გუნდი კი ლაგოდეხის ბრენდის გასაცნობად მუშაობას სხვადასხვა პროექტების საშუალებით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.